08 სექტემბერი 2024,   03:26
ვრცლად
"ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ევროპაში ინტეგრაციას" - ლევან დავითაშვილი

"აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან განვიხილეთ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან, საუბარი გვქონდა საქართველოს შესახებ ევროკომისიის უახლოეს დღეებში მოსამზადებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, ჩვენი, ყველას მოლოდინით უნდა იყოს დადებითი და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი,"-ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპული პერსპექტივის მოპოვების შემდეგაც. მისივე თქმით, საქართველომ 100-ზე მეტი მარეგულირებელი აქტი მიიღო ბოლო წლის განმავლობაში, რითაც, ფაქტობრივად, უპასუხა ევროკავშირის ყველა მოთხოვნას.

"რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს,"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები, საუბარი შეეხო ასევე გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში არსებობს.

"ჩვენმა მეგობრებმა, კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ეკონომიკური განვითარების კუთხით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო საკმაოდ დამაჯერებლად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც მაგალითის მიმცემია სხვა ქვეყნებისთვის. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც, განსაკუთრებით ხაზი გაესვა დაკავშირებადების საკითხებს - ეს იყო ზუსტად საქართველოს ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ევროკავშირისთვისაც ისეთივე სასარგებლო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის,"-აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა კავშირების გამყარებასა და გაუმჯობესებას როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკური კუთხით, ისე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების კუთხით. მათ შორის, განხილული იქნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობისა და ევროკავშირთან ციფრული დაკავშირების საკითხები.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დღის ამბები