16 სექტემბერი 2024,   22:48
ვრცლად
გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

საქართველოში ათდღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, "გაეროს" სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

მერი ლოლერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რაც ეხება, არა მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკურ ღონისძიებებს, არამედ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებსაც.

"გაეროს" სპეციალურმა მომხსენებელმა ანგარიშში ხაზი გაუსვა უფლებადამცველებთან ერთად, ლგბტქი საზოგადოებისა და ჟურნალისტების საქმიანობის თავისუფლებას. ანგარიშში "გაეროს" წარმომადგენელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შესაძლო სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე ორგანიზაცია „კანვასის“ კადრების გასაჯაროებაზეც გაამახვილა ყურადღება.

"როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამ საკითხებს შევეხე, მათ მირჩიეს ზემოთ ნახსენები კადრები მენახა. ასეც მოვიქეცი. ჩემი აზრით, ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისცემდა ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს. სამდღიან ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არცერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე. ამგვარმა ქმედებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებების დამცველებს", - განაცხადა მერი ლოლერიმ.

"გაეროს" წარმომადგენლის განცხადებებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, რაც მან სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ნახა, შეუძლია ივარაუდოს, რომ იქ მყოფ ადამიანებს ატრენინგებენ მასიური აქციებისა და არეულობისთვის.

"უხილავი ზღვარი ამგვარი ტრენინგიდან ქუჩამდე და მოლოტოვის კოქტეილის სროლამდე არის წაშლილი. არ ვიცი, ამ ადამიანმა რა ნახა, მაგრამ მე რაც ვნახე, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ვივარაუდო - ამ ადამიანებს იმიტომ ატრენინგებენ, რომ შემდეგ გამოიყენონ მასობრივი აქციებისა და სამოქალაქო დაპირისპირებისთვის", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები