16 სექტემბერი 2024,   23:00
ვრცლად
"ქართული ოპოზიცია ყველა ფაქტს იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის და ქვეყანაში ვითარების დასაძაბად" - სოზარ სუბარი

”ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქართული ოპოზიცია ყველა ფაქტს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და რადიკალურ ოპოზიციას ორმაგი სტანდარტები აქვთ.

"მთავარი დამნაშავის მიმართ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს ბრალის დადგენილება, გამოტანილი აქვს ძებნის დადგენილება, ვგულისხმობ ვლადიმერ პუტინს და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს.

ქართული ოპოზიცია ყველა ფაქტს იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის და ქვეყანაში ვითარების დასაძაბად. ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ის დანაშაულები, რომლებიც ხდება, ახალი ამბავია. რატომღაც, დღეს ყველამ ვიცით თამაზ გინტურის სახელი, ყველამ ვიცით ტატუნაშვილის, ოთხოზორიას სახელები, მაგრამ არავის არ ახსოვს იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ზუსტად ასევე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ იქნენ მოკლულები 2009-20011 წლებში. მაგალითად: ვინმემ იცის ვინ არის ნიკა ჯოჯუა, ან ვინ არის გოგიტა ანჯაფარიძე. თითქოს, მაშინ ადამიანის სიცოცხლე არ ფასობდა თუ თითქოს, დღეს სხვანაირი ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია იყენებს საკუთარი ინტერესების წინ წამოსაწევად", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები