16 სექტემბერი 2024,   23:04
ვრცლად
ერთი დღე ევროკომისიის შუალედურ დასკვნამდე და წინასწარი პოზიტიური სიგნალები ბრიუსელიდან - კანდიდატის სტატუსის მოლოდინი

ევროკომისიის შუალედური რეკომენდაციის გამოცხადებამდე 1 დღით ადრე, ხელისუფლება ოპონენტებს კვლავ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. პარლამენტის სპიკერმა დღეს ოპონენტების დესტრუქციულ მიზნებზეც ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან პოზიტიური სიგნალების პარალელურად, ოპონენტები ბრიუსელში ჩავიდნენ და დადებითი გადაწყვეტილების გადავადებას ან მძიმე დათქმებით მიღებას ლობირებენ, რომელშიც სავარაუდოდ რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაც იგულისხმება. პარლამენტის თავმჯდომარემ, ოპოზიციას ისიც შეახსენა, რომ სტატუსის მიღება არა გეოპოლიტიკური, არამედ ხელისუფლების სწორი მუშაობის შედეგი იქნება.

ბრალდებებს უარყოფენ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომელთა წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებას დაემთხვა. ამბობენ, რომ დათქმები ევროინტეგრაციის თანმდევი პროცესია და ის არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ რეფორმებს უკავშირდება.

ნებისმიერი პოლიტიკური აქტორის მხრიდან, ბრიუსელში რაიმე დათქმებსა და წინაღობებზე საუბარი მავნებლობაა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის. დღეს ოპოზიციაში კოლეგების ღია კრიტიკისგან თავი შეიკავეს, თუმცა ხაზგასმით თქვეს, რომ ახლა კანდიდატის სტატუსზე დამატებითი ბარიერების შექმნის მცდელობა დაუშვებელია.

ოპონენტების გულწრფელობის არ სჯერა საპარლამენტო უმრავლესობას. კანონმდებლები ევროკომისიის დასკვნის გამოცხადებამდე, ოპოზიციის უკანასკნელი შტურმის მცდელობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ოპონენტები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, სტატუსს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აღიქვამენ, რასაც მესამე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული ნეგატიური შინაარსის სტატიებიც ადასტურებს.

ევროკომისია, 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ შუალედურ დასკვნას, ხვალ 12 საათზე გაასაჯაროებს. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი ევროპულმა საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

დღის ამბები