09 ივლისი 2024,   01:57
ვრცლად
მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის ლევან დოთიაშვილის გატაცებას - ევროპარლამენტარების განცხადება 

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის ლევან დოთიაშვილის გატაცებას, რუსი მესაზღვრეების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან." - ამის შესახებ ნათქვამია სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარის, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდისა და საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებლის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაში. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს, მოვუწოდებთ რუსეთს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ეს ტრაგიკული მოვლენა კიდევ ერთი ილუსტრაციაა რუსეთის რეჟიმის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სიცოცხლის აშკარა უგულებელყოფისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული საფრთხეების. ეს ასევე მკაფიოდ გვახსენებს იმ კონტექსტს, რომელშიც რუსეთთან "პრაგმატულ" ჩართულობას მხარს უჭერს ზოგიერთი მთავრობა და მმართველი პარტია.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებულები ვართ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არ არსებობს" - ნათქვამია კალიურანდისა და მიქსერის განცხადებაში.

დღის ამბები