08 სექტემბერი 2024,   03:31
ვრცლად
"ჩვენი საბოლოო მიზანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - ილია დარჩიაშვილი

"ევროპელმა პარტნიორებმა შეაფასეს სათანადოდ ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა, ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ და ეს არის უზარმაზარი შედეგი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,"- ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაცემულ დადებით რეკომენდაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას და საბოლოოდ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.

"დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მე მინდა ეს ისტორიული დღე მივულოცო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანას, რადგანაც ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო ევროკომისიამ, რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არის უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი. ამით პროცესი არ დასრულებულა.

ჩვენ დეკემბერში ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, უკვე ლიდერების დონეზე, როდესაც მოხდება საბოლოო გაფორმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, მაგრამ ეს არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შეაფასეს სათანადოდ, ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა, ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ და ეს არის უზარმაზარი შედეგი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი დღე. საქართველო აუცილებლად გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,"- აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

დღის ამბები