18 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
8 ნოემბერი, ისტორიული დღე საქართველოსთვის - რა თქვეს დღეს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად

"კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს" - სიტყვები, რომელსაც მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა. თბილისის დროით 15 საათსა და 15 წუთზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან ევროკავშირის კარი საქართველოს უფრო ფართოდ გაუღო. ისტორიული დღე საქართველოსთვის და შედეგი, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებამ და მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა განსაზღვრა.

პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისრებმა ბრიუსელიდან ოფიციალურ თბილისს გაუგზავნეს, უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ურსულა ფონ დერ ლაიენი დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც საუბრობს.

ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობა კარგად ესმის სწორედ გაფართოების საკითხებში ევროკომისარს. ოლივერ ვარჰეიმ ჯერ კომისიის სხდომაზე, შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე და ბოლოს ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანას ევროკავშირთან მიმართებით პოზიტიური დინამიკა აქვს.

დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა, როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ევროპის მთავარი ღირებულებებია. ამ ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულება, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ძალიან კარგად ჩანს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია საქართველოს ვიდეო მიმართვით მიულოცა და თბილისის ქუჩებში სტუმრობისას, ევროკავშირის დროშების სიმრავლე გაიხსენა. საქართველოს ევროპული გზა საბოლოოდ რომ ევროპულ ოჯახში მიდის, დარწმუნებულია პაველ ჰერჩინსკი.

ამ ისტორიულ ვითარებაში, ელჩის აზრით, ახლა მნიშვნელოვანია მთავრობამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთობლივად იმუშაონ, საბოლოო მიზნის მისაღწევად.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, კომისიამ საქართველოს თავდაპირველად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა. დღეს კი, სტატუსის შესახებ რეკომენდაციის გაცემასთან ერთად, კომისიამ საქართველოსთვის 9 დათქმა შეიმუშავა. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, პოლარიზაციის შემცირება, სასამართლო რეფორმა, საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება - ევროპისთვის კვლავ აქტუალურია.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ბრიუსელში მოისმინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილმა დღევანდელი დღე ისტორიულად შეაფასა. მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის ქვეყანა ძალისხმევას არ დაიშურებს.

დღეს გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებას დეკემბერში გამოაცხადებენ.

დღის ამბები