08 სექტემბერი 2024,   03:24
ვრცლად
მიუხედავად იმისა, როგორ ვაფასებთ ხელისუფლების ნაბიჯებს, "ლელო" ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას უნდა მინიჭებოდა - სალომე სამადაშვილი

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია მიულოცა.

სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ხელისუფლება დროებითია, ხოლო ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესი კანდიდატის სტატუსის მიღებაა.

"მინდა მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დღე, რადგან ეს ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ევროპის მიმართულებით. ჩვენი ხალხი არამხოლოდ იმსახურებს ევროპულ მომავალს, არამედ ეს არის ჩვენი დიდი ხნის წინ გაკეთებული არჩევანი. ძალიან მიხარია, პირდაპირ რომ ვთქვათ, რომ ერთი წლის მანძილზე მიზანმიმართული მცდელობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა, რომელიც აისახა იმ სამარცხვინო რუსულ აგენტების კანონში, რომელიც ევროკომისიის შეფასებაშიც არის მოხსენიებული, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბოლო, დამაგვირგვინებელი აკორდი იყო, მათ არ გაუვიდათ.

ევროკომისიამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დღეს, საქართველოსთვის სტატუსის მიცემაზე უარის თქმა, ეს იქნებოდა რუსეთის გამარჯვება- ჩვენ სწორედ ასე მივიჩნევდით ყოველთვის. "ლელო" ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რომ მიუხედავად იმისა, ხელისუფლების ნაბიჯებს როგორ ვაფასებთ, კანდიდატის სტატუსი ქვეყანას უნდა მიენიჭოს, რადგან ყველა ხელისუფლება არის დროებითი, მათ შორის "ქართული ოცნებაც". ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესი არის ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ ამ ეტაპზე და კომისიის დადებითი დასკვნა ამისთვის არის ინსტრუმენტულად მნიშვნელოვანი,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები