09 ივლისი 2024,   03:29
ვრცლად
"კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას" - პატრიარქი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კათალიკოს პატრიარქი ილია II საზოგადოებას ულოცავს ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს არის ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი.

"გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია.

ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში.

ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები