09 ივლისი 2024,   01:44
ვრცლად
რუსეთი საწვავის ექსპორტზე დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას მომავალ კვირას გეგმავს - Reuters

რუსეთში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საწვავის მწარმოებელ კომპანიებს უთხრეს, მოემზადონ დიზელისა და ბენზინის ექსპორტზე ამ დრომდე მოქმედი ყველა შეზღუდვის გაუქმებისთვის, - ექსკლუზიურ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდუსტრიაში დასაქმებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა, რომელიც დიზელის საზღვაო ექსპორტიორთა მსოფლიო რეიტინგის სათავეშია, 21 სექტემბერს საწვავის ექსპორტი აკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად შიდა ბაზარზე მაღალი ფასები და საწვავის სიმცირე დაასახელეს. 6 ოქტომბერს მთავრობამ აღნიშნული შეზღუდვა შეამსუბუქა და დაუშვა დიზელის ექსპორტი მილსადენით. თუმცა, შეზღუდვის მოხსნა არ შეხებია ბენზინის ექსპორტს.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ განიხილება ზოგიერთი კლასის ბენზინის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნა. როგორც Reuters-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, კომპანიები უკვე მუშაობენ საწვავის ექსპორტის ახალ გრაფიკებზე და აქტიურად ემზადებიან შეზღუდვის მოხსნისთვის.

დიზელი რუსულ საექსპორტო ნავთობპროდუქტთა სიის სათავეშია - გასულ წელს ქვეყნიდან დაახლოებით 35 მილიონი ტონა დიზელი გავიდა. აქედან, თითქმის 3/4 ექსპორტზე მილსადენით გაიტანეს. როგორც Reuters-ი წერს, 2022 წელს, რუსეთიდან 4,8 მილიონი ტონა ბენზინიც გავიდა ექსპორტზე.

დღის ამბები