09 ივლისი 2024,   03:19
ვრცლად
ლევან დოთიაშვილი თავისუფალია და რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებს იხსენებს - რა დაზიანებები მიაყენეს ლევან დოთიაშვილს დაკავების დროს

ლევან დოთიაშვილი თავისუფალია - საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა ტყვემ დეტალურად ისაუბრა თამაზ გინტურის მკვლელობისა და მისი უკანონო დაკავების დეტალებზე. დოთიაშვილის მონათხრობი ოკუპანტების ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებულია. მისი თქმით, ადგილი არც წინააღმდეგობის გაწევას და არც დაუმორჩილებლობას ჰქონდა. შესაბამისად, არც სროლის რაიმე წინაპირობა არსებობდა.

დოთიაშვილი ყვება, რომ ოკუპანტებთან შეთანხმებით, ავტომობილით ტერიტორიას ტოვებდნენ, როდესაც მოულოდნელად მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს.

სახლში დაბრუნებამდე თითქმის 10 საათის განმავლობაში, ოკუპანტების დანაშაულის თვითმხილველი ქართველი სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობდა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის და გატაცების მუხლებით იძიებს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება.

ლევან დოთიაშვილმა გამოკითხვის შემდეგ, სახლში დაბრუნება დილისთვის შეძლო. მის გათავისუფლებას ოჯახი თითქმის 4 დღის განმავლობაში ელოდა.

უკანონო ტყვეობიდან სოფელ კირბალის მკვიდრი გუშინ 21:00 საათისთვის გაათავისუფლეს. ოკუპანტების გადაწყვეტილებას წინ ევროკავშირის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოლაპარაკებები უძღოდა.

კირბალში, დოთიაშვილის გათავისუფლებას ზეიმობენ და თამაზ გინტურს გლოვობენ. სოფელში უკვე მესამე დღეა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 59 წლის მამაკაცს უკანასკნელ გზაზე, ნათესავები და მეგობრები აცილებენ. ოკუპანტების მიერ მოკლული გინტურის ოჯახს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მიუსამძიმრეს. გინტურს ხვალ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დღის ამბები