15 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - რატომ უპირისპირდება ყოფილი თავმჯდომარე მოქმედს და რას უწინასწარმეტყველებენ პარტიას

ყოფილი ძალოვნების არაფორმალურ გავლენებს უკავშირებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების შემცირებას და საზოგადოებაში ნდობის დაკარგვას. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მოქმედი მენეჯმენტის პირობებში პარტიას არჩევნებში გამარჯვების რესურსიც აღარ აქვს. ამიტომ, მელია ინიციატივით გამოდის - ერთიანობის მოტივით შეიქმნას ნდობის საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარტიაში ყველა გადაწყვეტილებაზე. ხელმოწერების შეგროვება ყოფილმა თავმჯდომარემ უკვე დაიწყო.

მის ინიციატივას არც მხარს უჭერენ და უფრო მეტიც, პარტიის მოქმედი მენეჯმენტი ყოფილს უკვე ღიად ურჩევს წასვლას. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ნიკა მელია ამ ფორმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ აზიანებს და ხელს უწყობს პარტიის ორად გახლეჩას.

იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ერთი დღით ადრე მანიფესტის შექმნა დააანონსა, ნიკა მელიას ახალი მანიფესტი კონტრშეტევად აღიქვეს პარტიის მოქმედ მენეჯმენტში, სადაც ყოფილ თავმჯდომარეს პირიქით ურჩევენ, ხელი მოაწეროს ყოფილი პრეზიდენტის დოკუმენტს. ლევან ხაბეიშვილის გუნდის ეს პოზიცია მოულოდნელი მელიას გუნდისთვის არ ყოფილა.

ორად გახლეჩილ და უკვე დაზიანებულ პარტიას მოქმედი წევრების მცდელობები რომ აღარ უშველის - ამაზე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები საუბრობდნენ. რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ პარტია დაიშალოს.

"ნაციონალური მოძრაობის" დაშლას პროგნოზირებს "ქართული ოცნებაც". სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებაზე მხოლოდ დადებით გავლენას იქონიებს.

კონკრეტულად როდის დატოვებს ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობას", უცნობია. ყოფილი თავმჯდომარე ამისთვის უკვე რამდენიმე თვეა ემზადება.

დღის ამბები