ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საბოლოო პასუხს ევროპული საბჭოსგან ელოდება. ამ ფონზე პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებები ისევ გრძელდება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია საბოტაჟს გააგრძელებს და ხელს შეუშლის ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში.
"8 ნოემბრამდე ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს ხელისუფლება ვერ მიიყვანს ქვეყანას კანდიდატის სტატუსამდეო. როცა მიხვდნენ რომ მიიღო ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, მერე ერთი სიტყვა შეცვალეს და ამბობენ, რომ მოლაპარაკებების გახსნამდე ვერ მიიყვანს ხელისუფლებაო. თვითონაც არ სჯერათ რას ამბობენ. მანამდეც საზოგადოებას ატყუებდნენ და ახლაც იგივე რეჟიმში იმყოფებიან. მათი ბუნება ასეთია - ისინი საზოგადოებას ეუბნებიან რომ პროევროპულები არიან, მაგრამ რეალურად ისინი პროევროპულები არიან მხოლოდ მაშინ, თუ არიან ხელისუფლებაში. სხვაგვარად მათ სურვილი არ აქვთ რომ ამ ქვეყანას წარმატება ჰქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.