საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სკანდალური განცხადება. ფრანგულ მედიასთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, თბილისში კვლავ განხილვის საგნად იქცა.
კითხვაზე- იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, პასუხობს, რომ მისი შინაგანი რწმენით ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. ზურაბიშვილის ამ განცხადების შემდეგ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთთან ურთიერთობის დაზიანებას ცდილობს.
"ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ უმრავლესობა პრეზიდენტისგან გამიჯნულია, რადგან მისი განცხადებები მავნებლურია.
"სი ძინ პინის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამშვიდობო კონფერენციის ჩატარება პარიზში არის საგანგებო მნიშვნელობის თემა, რომ კაცობრიობამ ამოისუნთქოს. ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთ შეფასებას აძლევ ჩინეთის ლიდერს, ამას მხოლოდ უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია. იმედი მაქვს მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის როგორმე საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს ჩინეთი,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.