15 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ- ვინ როგორ აფასებს პრეზიდენტის განცხადებას

რეალისტური არა, თუმცა სკანდალური ნამდვილად გამოდგა პრეზიდენტის პასუხი დარიუს როშებანის მიმართ, რომელმაც კითხვაში სი ძინ პინი და პუტინი ერთ სიბრტყეში დააყენა, პრეზიდენტს კი ეს არ გაუმიჯნავს. ამ ყველაფერს დელიკატურს ხდის ის გარემოება, რომ წელს საქართველო ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად იქცა. სწორედ ამიტომაა, რომ ყველაზე მეტად პრეზიდენტის პასუხი მმართველ გუნდში გააკრიტიკეს, სადაც თვლიან,რომ მან საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები საფრთხის ქვეშ დააყენა და ეს პასუხი თბილისის ოფიციალურ პოზიციად არ უნდა იქნას აღქმული.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციურ სპექტრში ნაწილს დარჩა განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ პუტინზე საუბრობდა და არა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერზე - რომელთანაც საქართველოს პრეტენზია ვერ ექნება, განსხვავებით ჩრდილოელი მეზობლისგან. სხვა ნაწილი იზიარებს აზრს,რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყო,როდესაც მეგობარ სახელმწიფოზე საუბრობდა. თუმცა ზიანს ამ საკითხით სპეკულირებაში უფრო ხედავენ, ვიდრე პრეზიდენტის გზავნილების შინაარსში.

მოუზომელი, მავნებლური და უპასუხისმგებლო - ეს იმ შეფასებების ნაწილია, რომელიც ინტერვიუს ნახვის შემდეგ “ქართულ ოცნებაში” გაჩნდა. პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა კი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. იმ ფონზე,როდესაც მსოფლიოში დაძაბულობა და კონფლიქტები მატულობს, მეგობრის მიმართ პრეზიდენტის ამგვარი განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის სარისკო და დამაზიანებელია და ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაფუჭების საფრთხეს აჩენს.

საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული ტელეკომპანიისთვის მიცემულ გრძელ ინტერვიუში სხვა საშინაო და საგარეო საკითხებზეც გააკეთა აქცენტი, მათ შორის უკრაინის ომზე, რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებებსა თუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, სადაც ის ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამომავლო გასამართლების პერსპექტივას ვერ ხედავს, კითხვაზე თუ რატომ ფიქრობს ასე, პასუხობს რომ: “ეს რეალისტური სამყაროა და არა ალისას სამყარო საოცრებათა ქვეყანაში".

 

დღის ამბები