09 ივლისი 2024,   01:11
ვრცლად
ბრიუსელში ევროკავშირის პირველი დიპლომატები იკრიბებიან

ბრიუსელში ევროკავშირის პირველი დიპლომატები იკრიბებიან - საგარეო უწყების ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ განიხილავენ ახალ ცხელ წერტილს ახლო აღმოსავლეთში, ასევე უკრაინის მხარდაჭერასა და ვითარებას სამხრეთ კავკასიაში. საუბარია სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტზე.

გუშინ ევროკავშირმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი მოუწოდებს ყველას, რომ მძევლები გათავისუფლდნენ, გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი იმისთვის, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ შეძლოს ტერიტორიის დატოვება, ასევე, შესაძლებელი უნდა იყოს, ღაზის სექტორი მომარაგდეს საკვებითა და წყლით.

შესაძლოა, რომ დღეს იყოს დამატებითი სანქციები მიღებული ირანთან მიმართებით, ამ ვითარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის საკითხს, ქვეყნების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ემხრობა, თუმცა გერმანიამ განაცხადა, რომ ხანგრძლივი პაუზა არ იქნება ისრაელისთვის კარგი, რადგან ამ პაუზას "ჰამასი" იმისთვის გამოიყენებს, რომ მოძლიერდეს და მეტი დარტყმები განახორციელოს ისრაელზე.

გარდა ამ მთავარი საკითხებისა, მინისტრები მედიასთან საუბრობენ გაფართოების შესახებ ანგარიშზე, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა.

ხორვატიის საგარეო მინისტრის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ვითარება სწრაფად უარესდება.

"ახლო აღმოსავლეთში ვითარება სწრაფად უარესდება. ჩვენ ვგმობთ "ჰამასის" სასტიკ თავდასხმას. ისრაელს აქვს დაცვის უფლება, ჩვენი საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. მძევლები უნდა გაათავისუფლონ, ამავდროულად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული სიტუაციით ღაზაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და დახმარების მიწოდება რჩება ჩვენს პრიორიტეტად. რაც შეეხება უკრაინას. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას. ეს აჩვენებს ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ. გაფართოება კვლავ პრიორიტეტია ევროკავშირისთვის, მაგრამ პირობების შესრულება, აუცილებელი რეფორმების განხორციელება და ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა, მთავარია. ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს წლის ბოლომდე ვიხილავთ", - განაცხადა გორდან გრლიჩ რადმანიმ.

საბერძნეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი საკუთარი პოზიციის მიმართ ერთიანია.

"ევროკავშირი ერთიანია საკუთარი პოზიციის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ დროა, განვიხილოთ ჰუმანიტარული გაერთიანების იდეა, რათა მივაწოდოთ სამედიცინო დახმარება ღაზას და მიეცეთ საშუალება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩვენი შეკრება სხვა მრავალ საკითხსაც განიხილავს", - განაცხადა გეორგიოს გერაპეტრისტისი.

დღის ამბები