ბრიუსელში, ამ წუთებში, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატები განიხილავენ ახალ ცხელ წერტილს ახლო აღმოსავლეთში, ასევე - უკრაინის მხარდაჭერასა და ვითარებას სამხრეთ კავკასიაში.
ბრიუსელში, ასევე ისმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ იზიარებენ ევროკომისიის რეკომენდაციას და მხარს უჭერენ საქართველოს წინსვლას გაწევრიანების გზაზე.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტანია ფაიონის განცხადებით, სლოვენია მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
მისივე თქმით, ევროპა უფრო დიდი და ძლიერი უნდა იყოს.
"აუცილებელია, რომ ჩვენ ავაშენოთ ევროპა უფრო ძლიერი და დიდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენი ქვეყანა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ასევე მივესალმები ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას სამი ქვეყნის შესახებ. არ შემიძლია სპეკულირება დეკემბრის მოვლენებზე, მაგრამ სლოვენია, იხელმძღვანელებს ევროკომისიის დასკვნების შესაბამისად. ეს გეოსტრატეგიული აუცილებლობაა, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა 2030 წლისთვის, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში მყოფი ქვეყნები მომზადებულნი იყვნენ. ჩვენი ხედვით, ევროპა უფრო დიდი და ძლიერი უნდა იყოს", - განაცხადა ტანია ფაიონიმ.