პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრისას საუბრის თემა პრეზიდენტის შემდეგი განცხადება გახდა: ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე - იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "მისი შინაგანი რწმენით, ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა".
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომლებიც მან ფრანგულ მედიასთან გააკეთა, არის არაადეკვატური, აცდენილია იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საქართველოს აქვს.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.
„სალომე ზურაბიშვილი, უკვე მერამდენე თვეა, აკეთებს არაადეკვატურ განცხადებებს, რომლებიც სრულად აცდენაშია იმ სტრატეგიულ ინტერესებთან, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია.
ანალოგიური იყო ის განცხადებაც, რომელიც მან გააკეთა ფრანგულ ტელევიზიასთან. ამასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ დღეს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან და აუცილებელი გახდა კონკრეტული განმარტებების გაკეთება, რომ ე.წ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ შეესაბამება იმ განწყობასა და სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია ჩინეთის სახელმწიფოსთან და მის პრეზიდენტთან, და ის სრულ აცდენაშია საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. საქართველოს პრეზიდენტი არ ახორციელებს საგარეო პოლიტიკას და ის არ წარმოადგენს იმ პოზიციებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, მათ შორის - გადაწყვეტილებას, რომ ეს ურთიერთობები აყვანილი იყოს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. მეორეს მხრივ, ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა დიდი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ თანამშრომლობამ და პარტნიორობამ საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქციის როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი სახელმწიფოსა და სავაჭრო გზის განვითარებაში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განცხადებები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად აცდენილი ყველა იმ ინტერესს, რომელიც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, მოქალაქეებს და ეწინააღმდეგება ჩვენს საგარეო პოლიტიკას.
ზუსტად ამიტომ მოგვიწია ჩვენ, თავის დროზე, იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება და ზუსტად ამიტომაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ქალბატონი სალომე არღვევს კონსტიტუციას და, შესაბამისად, მან რეალურად დაკარგა როგორც ლეგიტიმურობა, ისე - რელევანტურობა,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.