21 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
იმედი გვაქვს, რომ ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმართულებით აღებულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს და ჩინეთს შორის ყალიბდება - გიორგი ამილახვარი

"ქართული ოცნება" ემიჯნება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის ლიდერთან მიმართებით გაკეთებული კომენტარი ეწინააღმდეგება ქვეყნის გაცხადებულ საგარეო პოზიციებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"პრეზიდენტის ეს განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, საგარეო პოლიტიკას ამ ქვეყანაში კანონის საფუძველზე, ასევე ხალხის გადაწყვეტილებით, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, პრეზიდენტის ეს გამონათქვამი თუ ფრაზა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მისამართით ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს და არ აქვს ამ კუთხით არანაირი მნიშვნელობა. სხვა ფორმალური კუთხით, ბუნებრივია, ეს არის მიუღებელი და ეს არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვეთავს საქართველოს მთავრობას და შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში.

ამიტომ, ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო ხანებში არაერთხელ გვინახავს ქალბატონი პრეზიდენტის გადამეტებული, არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, და არადიპლომატიური განცხადებები, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევაც, რომელიც საკონსტიტუციოს სასამართლომაც დაადასტურა. ამიტომ ამ კუთხით, ბუნებრივია, არ გვიკვირს მისი ქმედებები, თუმცა მისი ეს ფორმალური განცხადება არანაირი პოლიტიკური თუ სხვა სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელი არ არის და ვერ იქნება. ეს ვერ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას. იმედი გვაქვს, რომ ეს, პირდაპირ ვიტყვი, უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმართულებით, სწორი გეზით აღებულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს და ჩინეთს შორის ყალიბდება," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღეს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სინანული გამოხატა პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ეს გავლენას არ მოახდენს - არ დააზიანებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას.

ცნობისთვის, ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე - იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისი შინაგანი რწმენით ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

დღის ამბები