21 დეკემბერი 2024,   18:30
ვრცლად
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მომავალ წლებში ისარგებლებენ კანდიდატი ქვეყნებისთვის მინიჭებული პოლიტიკით - მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის მთავარი განსახილველი საკითხების შესახებ

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას ახლა უკვე ახალი სტატუსი აქვს. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კითხვა, როგორ გაგრძელდება არსებული ფორმატით თანამშრომლობა მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამ თემაზე, ევროპარლამენტში, ევრონესტის სამუშაო ჯგუფებში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დეპუტატები იმსჯელებენ. ადგილზეა ქართული დელეგაცია.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, მნიშვნელოვანია იმაზე ჩამოყალიბება თუ როგორ უნდა დარჩეს აღმოსავლეთ პარტნიორობაში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

"ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების შეხვედრა ნაწილობრივ ეხება იმას, რომ ვიმსჯელოთ, როგორ განვითარდეს ეს პოლიტიკა, როგორ უნდა დავრჩეთ მონაწილედ აღმოსავლეთ პარტნიორობაში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ვინაიდან, რეალურად ჩვენ უკვე ვართ გაფართოების ნაწილი. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მომავალ წლებში ისარგებლებენ კანდიდატი ქვეყნებისთვის მინიჭებული პოლიტიკით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ევრონესტის ფარგლებში ვიმსჯელოთ, ეს ფორმატი როგორ გააგრძელებს მუშაობას, რა იქნება საქართველო, უკრაინა, მოლდოვას როლი, როგორი იქნება აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენთვის როგორც რეგიონის ქვეყნისთვის, ეს არის ძალიან საინტერესო თუ როგორ ხედავენ ევროპარლამენტარები დღეს ამ პოლიტიკის განვითარებას და ჩვენ რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ მომავალში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები