21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
სამხედრო დამნაშავე პუტინი არის ფაქტობრივად ბარბაროსი, ხოლო ჩინეთის ხელმძღვანელობის მოხსენიება ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, უნდა გაემიჯნა - რომან გოცირიძე პრეზიდენტის განცხადებაზე

სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის ლიდერთან მიმართებით გაკეთებულ კომენტარს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უფრო ნათელი პასუხი უნდა გაეცა და სი ძინ პინი ვლადიმერ პუტინისგან უნდა გაემიჯნა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბუნდოვანი იყო და მას უფრო მკაფიო ზღვარი უნდა გაევლო ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ლიდერს შორის. 

"ზურაბიშვილის პასუხი იყო ბუნდოვანი, არ იკითხება პირდაპირ ისე, როგორც ხელისუფლება ამას განმარტავს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ვალდებული იყო, მკაცრად გაემიჯნა ერთმანეთისაგან სამხედრო დამნაშავე პუტინი. ის არის, ფაქტობრივად, კანიბალი და ბარბაროსი, ხოლო ჩინეთის ხელმძღვანელობის მოხსენიება ამ კონტექსტში, სალომე ზურაბიშვილს, რა თქმა უნდა, უნდა გაემიჯნა და პასუხი უნდა ყოფილიყო უფრო ნათელი," - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი საკუთარ შეფასებაში უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყო.

"პუტინზე უდიდესი ბოროტება და მტერი საქართველოს არ ჰყავს და მე არავისთან არ გავათანაბრებდი. ამით გეუბნებით ასევე ჩემს სუბიექტურ შეფასებასაც. დანარჩენი არ ვიცი, არ მომისმენია ეს განცხადება ქალბატონი პრეზიდენტისგან, იმედი მაქვს, რომ დააზუსტებს და უფრო მკაფიო პოზიციას ჩამოაყალიბებს," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. 

დღეს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სინანული გამოხატა პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ეს გავლენას არ მოახდენს - არ დააზიანებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას. 

ცნობისთვის, ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე - იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა რომ მისი შინაგანი რწმენით ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

 

დღის ამბები