21 დეკემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან - შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილს მიერ ჩინეთის ლიდერთან მიმართებით გაკეთებულ კომენტარს პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რამდენად დამაზიანებელია სალომე ზურაბიშვილის საჯარო ქმედებები, იქნება ეს მედიასთან თუ სხვა შეხვედრების დროს.  

"როდესაც ადამიანი წავა საკუთარი ერის ინტერესების წინააღმდეგ და ეს გამოხატა ქალბატონმა სალომემ იმით, რომ დაარღვია კონსტიტუცია. არა მხოლოდ დაარღვია, არამედ როდესაც ის მხილებულ იქნა კონსტიტუციის დარღვევაში, მან თქვა, რომ მას არაფრად არ მიაჩნია, მისთვის ქართული კონსტიტუცია არის მაკულატურა და გათელა ფეხით. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. გამოჩნდა კიდევ ერთხელ რამდენად დამაზიანებელი არის მისი ასეთი სახის საჯარო ქმედებები, იქნება ეს მედიასთან თუ შეხვედრების დროს.

ჩვენ გვახსოვს, როცა ის იმყოფებოდა ლატვიაში, მთავარი შედეგი, რაც მან გამოიტანა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, იყო მოწოდება, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში.

ახლა ვნახეთ, რომ მთავარი შედეგი, რაც გამოიტანა ინტერვიუთი, არის ის, რომ შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, რადგან ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესებს. ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. ეს გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე: იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისი შინაგანი რწმენით ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. 

 

დღის ამბები