30 დეკემბერი 2024,   20:29
ვრცლად
როგორ გადაიქცა 100%-ი, 102%-ად - "ედისონ რისერჩის" არითმეტიკა

მმართველი პარტია "ედისონ რისერჩის" კვლევაზე საუბრობს, სადაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი, ჯერ 102, რედაქტირების შემდეგ კი 101 პროცენტი გამოვიდა. "ქართული ოცნებისთვის" არითმეტიკული ლაფსუსი, უბრალო შეცდომაზე გაცილებით მეტია. პოლიტიკოსების თქმით, მსგავსი რეიტინგები დამკვეთის, ამ შემთხვევაში დავით კეზერაშვილის, კაბინეტში იწერება. მიზანი კი, არჩევნებამდე მოსახლეობაში არასწორი მოლოდინების გაჩენაა.

როგორ გადაიქცა 100%, 102%-ად - "ედისონ რისერჩის" კალკულაციის მეთოდის ახსნა იმ ოპოზიციურ პარტიებსაც უჭირთ, რომლებიც ორგანიზაციის კვლევების სიზუსტეში დარწმუნებული არიან. პარტიების ნაწილი, დღეს, სტატისტიკურ უზუსტობას ბუღალტრულ შეცდომას უწოდებდა.

კოლეგებისგან განსხვავებულია პარტია "მოქალაქეების" პოზიცია. პოლიტიკური ძალის ლიდერი დარწმუნებულია, რომ "ედისონ რისერჩის" რეიტინგები, მხოლოდ კეზერაშვილისა და მის მიერ დაფინანსებული "ნაცმოძრაობის" ინტერესებს ემსახურება. ალეკო ელისაშვილის აზრით, მიკერძოების გამო დაშვებული არითმეტიკული შეცდომები, კვლევების მიმართ მოქალაქეებში ნდობას ამცირებს.

"ედისონ რისერჩი" პოლიტიკურ რეიტინგებს მიზანმიმართულად აყალბებს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ორჯერ კორექტირების მიუხედავად 100-პროცენტიან ნიშნულს ვერ დაემთხვა, კანონმდებლებისთვის, ოპონენტების გეგმების მორიგი გამოაშკარავებაა. პოლიტიკოსების თქმით, გაყალბებული რეიტინგები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი კვლევები მხოლოდ პარტიულ ინტერესებს ემსახურება.

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ, ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

დღის ამბები