15 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ბარიერი არ დაიწევა - პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის - მამუკა მდინარაძე

ბარიერი არ დაიწევა. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც გვქონდა საუბარი. პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო მარათონი უნდა გაიმართოს პარტიებს შორის და არა ხელმოცარულ სატელიტებს შორის (განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“) რომელთაც არ აქვთ იმის იმედი, რომ მიიღებენ 90-დან 100 ათასამდე ხმასაც კი. 

„კარგია, რომ მიდასტურებენ, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომ ირაკლი კობახიძემ ეს განაცხადა 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით. ეს 2022 წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, არ მოხდა. ჩვენ ერთი წლით გადაგვივადდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც. ეს ერთი და მეორე - ნახევარზე მეტ ევროპის ქვეყნებში არის და ამავდროულად წარმატებულ პრაქტიკად მიიჩნევა 5%-იანი ბარიერი. ეს ბარიერი ვინმეს ახირება კი არ არის ევროპის ქვეყნებში და ცივილიზებულ სამყაროში, ეს არის დამაბალანსებელი, დამზღვევი როგორც პრაქტიკულ, პოლიტიკურ, ასევე მეცნიერულ, იურიდიულ დონეზეც და დამზღვევი იმისა, რომ იყოს ბალანსი პლურალიზმს, წარმომადგენლობის ხარისხსა და სტაბილურობას შორის და მიიჩნევა, რადგან ნახევარზე მეტ ქვეყნებში ამგვარი რეგულაცია და 5%-იანი ბარიერი მიიჩნევა, რომ 5%-იანი ბარიერი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს ამას და არ არის 7, 10 და 15 და არც 2, თუმცა, ორი და სამიც არის სამ-ოთხ ქვეყანაში. ამიტომ, არანაირი ვალდებულება აღარ გვაქვს და არანაირი დათქმა არ ითვალისწინებს ამას, შესაბამისად, გავყვეთ იმ პრაქტიკას, რომელიც სწორად არის მიჩნეული ევროპის, ევროკავშირის უფრო მეტ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარიერი არ დაიწევა - ერთი, ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი - ეს ორი და მესამე - პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის. აქ უნდა იყვნენ პარტიები. საარჩევნო მარათონი უნდა გაიმართოს პარტიებს შორის და არა ხელმოცარულ სატელიტებს შორის (განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“) რომელთაც არ აქვთ იმის იმედი, რომ მიიღებენ 90-დან 100 ათასამდე ხმასაც კი, ეს არის მაქსიმუმი, რაც 5%-იანი ბარიერის გადალახვას უნდა და გამალებით დღის წესრიგში დებენ ბარიერის თემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, რეალურად, არ არიან პარტიები და ამის იმედი ელემენტარულად არ აქვთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები