15 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ე.წ. ბასლაინებში ავტომობილების მოძრაობაზე: მთელი პასუხისმგებლობით ვაფრთხილებ ყველას, პარლამენტარები თუ ვდგავართ საცობში, სხვაც დადგეს, კეთილი ინებოს და მოიქცეს ისე, რომ არ გააღიზიანოს საზოგადოება და ისრები ჩვენსკენ არ წამოვიდეს

"ბოლო დღეების განმავლობაში, პარლამენტში, მერიასთან და შს სამინისტროსთან კომუნიკაციით, ინტენსიური მუშაობა მიდის ამ საკითხზე. დავეთანხმე ალეკო ელისაშვილს, ხანდახან სიმართლეს ამბობს ხოლმე, მაგრამ მაინცდამაინც ნუ გათამამდება ჩვენი ამ თანხმობით, მასაც აქვს ბევრი პოპულისტური და სპეკულაციური განცხადება, მაგრამ ამ შემთხვევაში დავეთანხმე," - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საავტობუსო ზოლებში, ე.წ. ბასლაინებში ავტომობილების მოძრაობასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

როგორც მდინარაძემ განმარტა, დაცვას დაქვემდებარებულ პირებს გარკვეული უპირატესობები გააჩნიათ, მათ შორის, შესაძლოა ავტობუსის ზოლის გამოყენებაც შედიოდეს. მან მოუწოდა პირებს, რომლებსაც გადაუდებელი და ოპერატიული საქმე არ აქვთ, არ ისარგებლონ "ბასლაინით" და არ გააღიზიანონ საზოგადოება.

"ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეულ მოკვლევას ვაწარმოებთ და ინტენსიურად ვართ ჩართულები ამ თემაში. მე პირადად, მათ შორის, გუშინაც მქონდა საუბარი და გავარკვიეთ, მაგალითად ერთი კომპონენტი, რომ არსებობს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, დაცვას დაქვემდებარებულ პირებს გარკვეული უპირატესობები აქვთ, მაგალითად, მინების დაბურვის. არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდე და არასწორი ინფორმაცია გავავრცელო, მაგრამ როგორც მითხრეს, მათ შორის, ბასლაინთან დაკავშირებით და ა.შ. სხვადასხვა პრივილეგირებული პოზიციები აქვთ დაცვას დაქვემდებარებულ პირებს.

როგორც ჩანს, შეგიძლია, გარკვეული თანხა გადაიხადო - დაცვის აყვანის უფლება ყველა ადამიანს აქვს და ამას მოჰყვება ის ე.წ. პრივილეგიები, რაც ამდაგვარი გადაადგილების საშუალებას შეიძლება იძლეოდეს და სხვა ამგვარი საკითხები დასახვეწია. მნიშვნელოვანი თემაა და მართლაც, საზოგადოების არც ერთი წევრი არ უნდა გაღიზიანდეს იმით, ბასლაინზე რომ მანქანა გარბის, იქიდან ოპერატიული თანამშრომელი კი არ გადმოვა და რაღაც აუცილებელ საქმეზე "გაქცეული" ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური კონტექსტით - ექიმი, მეხანძრე, მაშველი ან პოლიციელი, არამედ მოქალაქე, რომელსაც არ სჭირდება ბასლაინით სარგებლობა.

ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ მე თუ ვდგავარ ბასლაინი რომ ცარიელია იმ რიგში, რასაც საცობი ჰქვია, სხვაც დადგეს კეთილი ინებოს, რომელსაც მართლა რაღაც ოპერატიული, გადაუდებელი საქმე არ აქვს. მთელი პასუხისმგებლობით ვაფრთხილებ ყველას, პარლამენტარები თუ ვდგავართ იმ რიგში, რომ შეიძლება ჩვენც მოვითხოვოთ რაღაც, რომ გვეჩქარება და მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, რაც შეიძლება აბსოლუტურად რელევანტური იყოს, მე თუ ვდგავარ, სხვაც დადგეს კეთილი ინებოს და მოიქცეს ისე, რომ არ გააღიზიანოს საზოგადოება და ისრები ჩვენკენ არ წამოვიდეს. აღსრულების ნაწილში პასუხისმგებლობა არის, ამიტომ ბოლო დღეების განმავლობაში ვიკვლევთ ჩვენ ამ საკითხს და შესაბამისი ზომებიც იქნება თუ ისეთი რაღაცები აღმოჩნდა, რაზეც მე წეღან ეჭვი და ვარაუდი გამოვთქვი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები