ფოტო ნახეთ ლევან ხაბეიშვილის? ეს უთავბოლო ხაბეიშვილი, მგონი, განტევების ვაცი გახდა თუ როგორ როლში ჩააყენებენ, არ ვიცი. სინამდვილეში, იცით რა ხდება? ვერ იტანენ ერთმანეთს, ეს ბუნებრივად დააჯდა მათ როლებს, თორემ, რომ ვერ იტანენ და ჭამენ ერთმანეთს და მოპარულ ფულებს ვერ იყოფენ, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, რომ მათ საბოლოო ჯამში არავინ ეკითხება, ვინ სად გადავა, ვინ როგორ დაიშლება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის" დიდი კლასტერია, რომელშიც ყველა საკუთარი დავალების შესაბამისად მოქმედებს.
"არ შეიძლება იმ ინფორმაციის და იმ ლოგიკის არგახმოვანება, რომ მათ ყველას, აქვთ დავალებები: გახარიამ უნდა უღალატოს საკუთარ გუნდს და შემდეგ დარტყმები უნდა მიაყენოს, რაღაცები უნდა მოიგონოს და მოღალატე გახარიას ფაქტორმა უნდა იმუშაოს 2 პროცენტზე მაინც. "ლელომ" შუაშისტური უნდა ითამაშოს და სალომე ზურაბიშვილთან ერთად, მმართველ გუნდს დარტყმები სხვანაირად, ფსევდო-შუაშისტურად უნდა მიაყენოს, "ნაცმა" უნდა "ინაცოს" და ა.შ. ეს არის მათი როლები, რომელიც დაავალეს და სინამდვილეში ეს არის ომის პარტიის, იგივე "ნაციონალური მოძრაობის" ერთი დიდი კლასტერი, რომელ კლასტერშიც მოქმედებენ დავალებების შესაბამისად." - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის საბოლოო მიზანია "ფსევდო-შუაშისტების" მიერ მოსახლეობის ხმების წაღება და არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა, რაც მმართველი პარტიის მაღალი რეიტინგის გამო, შეუძლებელია.
"დავალებების შესაბამისად ხდება ახლა დაშლა, იმიტომ, რომ საბოლოო მიზანია "ნაცების", ანუ "5-იანის ფაქტორის" გავლენა დარჩეს "5-იანის" ფაქტორზე, 10-12%ის ფარგლებში და დანარჩენებმა მათი ხმები წამოიღონ და ე.წ. ფსევდო შუაშისტებმა მოახერხონ მათთან ერთად არჩევნების შემდეგ კოალიციის დალაგება, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად გამორიცხულია. როდესაც 50 პროცენტს მნიშვნელოვნად აჭარბებს მმართველი პარტიის რეიტინგი, მერე იქ რაც არ უნდა ერთმანეთში ჩაენაცვლონ, გამორიცხულია და ვერც როლების გადანაწილება უშველის ამ ამბავს." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.