05 ივლისი 2024,   23:13
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო. შტატების წარმომადგენელი მიზეზად კონსულტაციების ნაკლებობას ასახელებს. დიპლომატი ამბობს იმასაც, რომ დოკუმენტი ჰამასს არ გმობს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, რობერტ ვუდი ამბობს, რომ ჰამასს არც ხანგრძლივი მშვიდობის და არც პრობლემის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტის სურვილი არ აქვს. მისი თქმით, ამოცანა არ უნდა იყოს ამ ომის დასრულება უბრალოდ დღევანდელ დღეს, არამედ ეს ომი უნდა დასრულდეს სამუდამოდ.

"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს განგრძობად მშვიდობას ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის, ამასთან მხარს არ ვუჭერთ მოწოდებებს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს მხოლოდ მომავალ ომს ჩაუყრის საფუძველს, რადგან ჰამასს არც ხანგრძლივი მშვიდობის და არც პრობლემის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტის სურვილი არ აქვს. ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ამ ომის დასრულება უბრალოდ დღევანდელ დღეს, არამედ ეს ომი უნდა დასრულდეს სამუდამოდ, უწყვეტი ძალადობის ციკლი უნდა დასრულდეს. ღაზაში და ახლო აღმოსავლეთში უნდა აშენდეს რაღაც უფრო ძლიერი, რათა ისტორია არ განმეორდეს." - აცხადებს რობერტ ვუდი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს განსაცდელი დროზე დაასრულოს.

"არ შემიძლია ამაზე უფრო ძლიერად ავხსნა, თუ რამდენადაა გაერო მონდომებული ღაზის მოსახლეობის დახმარებაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო ჰამასისა და სხვა პალესტინური შეიარაღებული ჯგუფების სასტიკი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ჰამასის სისასტიკე ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის დასჯას, ეს ისრაელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან საკუთარ ძალადობაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს განსაცდელი დროზე დაასრულოს. მოგიწოდებთ ძალისხმევისკენ ცეცხლის შესაწყვეტად, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. მსოფლიოსა და ისტორიის თვალი გვიყურებს - მოქმედების დროა." - ამბობს ანტონიო გუტიერეში.

საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ნიკოლას დე რივიერი ფიქრობს, რომ გარკვეული დროა საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ რეზოლუციის ტექსტი ყველა წევრისთვის მისაღები იქნება. 

"სიტუაცია იმდენად ტრაგიკულია, რომ არ მგონია სამუდამოდ ლოდინი შეგვეძლოს. არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ამასთან, მოლაპარაკებების გარეშე კენჭისყრა და იმ რეზოლუციის მიღება, რომელიც მარცხისათვისაა განწირული - დიდი შეცდომა იქნებოდა. ასე რომ გარკვეული დროა საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ რეზოლუციის ტექსტი ყველა წევრისთვის მისაღები იქნება. ხვალ, ზეგ - რაც შეიძლება მალე უნდა მოვილაპარაკოთ. სიტუაცია კატასტროფულია, თუმცა ამასთან ჩვენ გაეროს ავტომობილს კედელს ვერ შევაჯახებთ." - განაცხადა ნიკოლას დე რივიერიმ.

დღის ამბები