16 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
კიდევ რამე დამაზიანებელი არ ეთქვა, ალბათ სჯობდა ამისგან თავი დაგვეცვა, შესანიშნავად წარიმართა ის ღონისძიება ზურაბიშვილის გარეშეც - მიხეილ სარჯველაძე

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ძველ განცხადებებს უხსენებს და პრეზიდენტს ისტორიული გადაწყვეტილების საკუთარ თავზე მიწერის მცდელობაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი არაერთი განცხადება გააკეთა, შესაბამისად მას საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის სურვილიც არ უნდა ჰქონოდა.

"გადავავლოთ თვალი მის ნამოღვაწარს პერიოდების მიხედვით და მერე გასაგები იქნება საზოგადოებისთვისაც, თუ უკვე გასაგები არ არის ყველასთვის ყველაფერი. მე მგონია, რომ მარტივად დგას საკითხი - შევაფასოთ უბრალოდ, რა განცხადებები კეთდებოდა ზურაბიშვილის მხრიდან 8 ნოემბრამდე და 8 ნოემბრის შემდეგ როგორია მისი დამოკიდებულებები. 8 ნოემბრამდე იყო სრულიად დესტრუქციული, სრულიად აცდენილი რეალობას, ჩემი აზრით, განცხადებები და რიტორიკა, ნამოქმედარზე ვერაფერს ვიტყვი ნამდვილად.

იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი გახდა მისი განცხადებებიდან, ეს იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა 2022 წელს, იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ატარებს რეფორმებს და, შესაბამისად, არ უნდა გვქონოდა თითქოს მოლოდინი კანდიდატის სტატუსის მოპოვების. წინა დღეს გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ სურვილი ჰქონდა დასწრებოდა ამ ღონისძიებას და თქვა, რომ თუ სთხოვდნენ თუ ნებას დართავდნენ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსულიყო და ა.შ.

ცოტა გაუგებრად თქვა ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, მე მაინცდამაინც მსურველი არ ვიქნებოდი რომ ის გამოსულიყო რადგან, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, კიდევ რამე დამაზიანებელი არ ეთქვა, ალბათ, სჯობდა ამისგან თავი დაგვეცვა. ვფიქრობ, შესანიშნავად წარიმართა ის ღონისძიება ზურაბიშვილის გარეშეც,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები