08 ივნისი 2024,   22:04
ვრცლად
აუცილებელია როგორც პოლიტიკური რეჟიმის - "ნაცმოძრაობის" გასამართლება, ისე - 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება - გურამ მაჭარაშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" განცხადებას აქვეყნებს. საუბარია ზელენსკის მიერ შექმნილი სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის ინტერვიუზე.

"მას ინტერვიუში ათქმევინეს, რომ საქართველო, რომელიც 2008 წელს მოწინავე ქვეყანა იყო, ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინას ჩამორჩაო. ლოგიკურად უნდა დავსვათ კითხვა, რით უსწრებს უკრაინა საქართველოს დღეს, რითაც საქართველო უკრაინას 2008 წელს უსწრებდა. 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი და იომა, ახლა კი ამას ზელენსკის ხელისუფლება აკეთებს. მაკფოლის მინიშნება კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ძირ-ფესვიან გამოძიებას საჭიროებს, ომთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები დასრულებულია და საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ორივე სასამართლოში ეფექტიანად დაიცვა, ახლა უკვე გვაქვს სრული შესაძლებლობა, დაწვრილებით გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც ნაცმოძრაობა და სალომე ზურაბიშვილი უკვე შეთანხმებულები არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო," - წერს "ხალხის ძალა".

ოფიციალური განცხადების შემდეგ, კომენტარი გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრმა გურამ მაჭარაშვილმაც. გურამ მაჭარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებასა და 2008 წლის ომის დეტალური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

„აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის - „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, ისე - 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უკვე სტრასბურგში და, ასევე, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო საქართველომ მოვიგეთ ყველა დავა. ის, რომ საქართველოს სახელმწიფო და ქართული ჯარი გამართლდა - ეს უკვე მიღწეულია, ახლა დადგა დრო, რომ ყველამ პასუხი აგოს ნებისმიერ იმ სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩადენილი იყო 2008 წლის ომში.

უცხოეთში აკეთებინებენ განცხადებას გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, როდესაც საქართველო, თურმე, ჩამორჩა უკრაინას. უკრაინა "დაწინაურებულია" - სამწუხაროდ, ომით, დაკარგული ტერიტორიებით, ასობით ათასი უკრაინელის დაღუპვით, რამდენიმე მილიონი დევნილით და ბუნდოვანი მომავლით. თუ ეს არის დაწინაურება და წინსვლა, რა თქმა უნდა, ამაზე, ბუნებრივად, უარი თქვა საქართველოს საზოგადოებამ,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები