08 ივნისი 2024,   00:18
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე სიტყვით გამოსვლა, ყველანაირი დიპლომატიური და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ეტიკეტის დარღვევა იყო - ირაკლი ქადაგიშვილი

ესტონეთის პარლამენტში მწვავე დებატებს, რომელიც თბილისში გამართულ აქციაზე მინისტრების გამოსვლას ეხებოდა, კიდევ ერთხელ აფასებენ თბილისში.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე სიტყვით გამოსვლა, ყველანაირი დიპლომატიური და სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების ეტიკეტის დარღვევა იყო.

"მაიდანის სცენარის განვითარების მცდელობა იყო იმ საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, რომელიც ნებისმიერი ნორმალური დიპლომატიური თუ საერთაშორისო ურთიერთობების ყველა ეტიკეტის და კანონის დარღვევაა. ამ შემთხვევაში, კრიტიკა ჩვენი მხრიდან და იმ ხალხის მხრიდან, ვინც ეს თავისივე ქვეყანაში გააკრიტიკა, რა თქმა უნდა, კანონზომიერი იყო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საქართველომ "გამჭვირვალობის კანონის მიღებით" მეგობარი ქვეყანა დაკარგა.

ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის ურთიერთობაზე დებატები გუშინ გაიმართა. ესტონელმა კანონმდებლებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, იყო თუ არა გამართლებული უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა ანტისამთავრობო აქციაში. დეპუტატებსა და პრემიერს შორის, მწვავე დებატები შედგა.

გამომსვლელები აცხადებდნენ, რომ ესტონელი დიპლომატის პოლიტიკურ აქციაზე დასწრება გაუმართლებელია. თავად პრემიერმა კი, საქართველოში განვითარებული პროცესები მაიდანის მოვლენებს შეადარა, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მთავრობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის" მიღებით, ევროკავშირის ნორმებს არ იცავს.

დღის ამბები