08 ივნისი 2024,   04:47
ვრცლად
ევროკავშირის სახელმწიფოების კანონი მიმართულია მტრის წინააღმდეგ - ოპოზიცია საფრანგეთის უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის შესახებ

საფრანგეთში დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ. საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება საქართველოში. "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, აღნიშნული კანონი მიმართულია მტრულად განწყობილი ქვეყნების წინააღმდეგ და არა მოკავშირეების.

"კანონები, რომელიც გააჩნია ევროპული კავშირის სახელმწიფოებს, არის მიმართული მტრის წინააღმდეგ, იმ მეტოქეების წინააღმდეგ, რომლებიც არიან ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული დაზვერვის ამოცანების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის წინააღმდეგ და კანონი, რომელიც მიიღო "ქართული ოცნების" რუსულმა ხელისუფლებამ არის პირიქით, იმათ მხარეს, ვინც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიებს ძირს უთხრიან," - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებას, საფრანგეთში ინიციირებულ კანონში წერია, რომ მიზანი ეროვნული უსაფრთხოებაა, რომელიც მიმართულია რუსეთისკენ და არ ეხებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

"საფრანგეთში, ჯერ კიდევ არსებულ კანონთან მიმართებაში ღიად წერია მიზანი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებაა და არაა "ქართული ოცნების" ყალბი გამჭვირვალობა. ღიად არის მომზადებული იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც საფრანგეთს განსაკუთრებით რუსეთისგან აქვს და დაზვერვის კომიტეტის ანგარიში ახლავს ამას და 1-წლიანი საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ღიად ამბობს, რომ ეს კანონი არ ეხებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საფრანგეთში დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი ითვალისწინებს უცხო ძალის სასარგებლოდ მოქმედი იმ აქტორების რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლებიც გავლენას ახდენენ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კანონი აძლიერებს საგამოძიებო საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია დაზვერვის სამსახურებისთვის. ახალ ტექსტში მოცემულია მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელის გაზრდას საკუთრებაზე ან პირებზე თავდასხმისთვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია "უცხოური ინტერესების გატარების მიზნით." დანაშაულისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ისჯებოდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასჯელი, ექვს წლამდე გაიზრდება. აქამდე 30 წლით თავისუფლების აღკვეთით დანაშაულის ჩამდენს კი უვადო პატიმრობა ემუქრება. გაფართოვდა გავლენის ოპერაციების პოტენციური სამიზნეების სიაც.

დღის ამბები