უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს - ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ეუთო/ოდირი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და გადადგან ნაბიჯები, რათა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
ეუთო/ოდირის დასკვნაზე მმართველ გუნდში აცახდებენ, რომ დოკუმენტის თანაავტორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, დასკვნა მიკერძოებულია და მასში არ არის მოყვანილი კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები.
"ევროსაბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა სააკაშვილის ადვოკატმა, ახლა აღმოჩნდა, რომ ჯერემი მაკპრაიდი ეუთო/ოდირის დასკვნის მთავარი ავტორია. ახლა საზოგადოება გამოიტანს ობიექტურ დასკვნას, რომ როდესაც სააკაშვილის ხელმოცარული ადვოკატი, ვინაიდან ის წარმოადგენდა მას საქართველოს წინააღმდეგ და პირწმინდად დამარცხდა ყველა საქმეზე, წერს ე.წ. ობიექტურ დასკვნას, ეს დასკვნა რამდენად შეიძლება იყოს ობიექტური. და ის იქნება, რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივით ნაკარნახევი. შესაბამისად, სანდოობა ასეთ დასკვნებს არ აქვს, მაგრამ ვინც უკვეთავს, იმანაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. როდესაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს უკვეთავს დასკვნებს ფაქტობრივად საქართველოს წინააღმდეგ, ეს ნიშნავს თუ არა კეთილსინდისიერ თამაშის წესებს და მათ ამის გამო აქვს პასუხისმგებლობა ასაღები", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნა მიუთითებს, რომ არგუმენტები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ კვლავაც არ ჩანს.
"დასკვნა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები კვლავაც არ ჩანს და ეს არის მოწოდებების დონეზე , ზოგადი ხასიათის შეფასებების დონეზე გაკეთებული განცხადებები და პოზიცია. კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს არის გაგრძელება იმ ხაზისა და ნარატივისა, რომლითაც ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ კანონი, რომლის მსგავსიც არაერთ სახელმწიფოში არსებობს და რომელიც ეფუძნება მთავარ პრინციპს, ეს არის გამჭვირვალობა", - აცხადებს გივი მიქანაძე.