ბულინგი და სიძულვილის ენა - ბათუმის საკრებულო დღეს ცხარე კამათისა და დაპირისპირების სივრცედ იქცა. მიზეზი ურთიერთბრალდებები ძალადობის, ბულინგისა და დაშინების მცდელობის შესახებ. სხდომაზე საკითხი საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა დააყენეს და ფაქტების გამოძიება მოითხოვეს. ამას მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ინციდენტების "ქართულ ოცნებასთან" კავშირის უარყოფა და კონტრბრალდებები მოჰყვა.
მუქარის ზარებისა და სხვა ინციდენტების შესახებ საუბრობენ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები. მათ შორის არიან ანა ბუჩუკური და თინა ბოკუჩავა. დღეს მთავარ პროკურატურაში გამოძიების მოთხოვნით განაცხადი შეიტანა დეპუტატმა ქეთი თურაზაშვილმა, რომელიც ასევე მუქარასა და ზეწოლაზე აკეთებს აქცენტს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს ძალადობასა და ბულინგში ადანაშაულებენ და ამგვარ ფაქტებს გმობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. მათ შორის, საუბარია პარიზის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, სადაც ელისო ბოლქვაძეს, ანა დოლიძის დამ და მისმა პარტნიორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მანამდე, ანა დოლიძის დამ, ჯინო დოლინმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჯარო უნდა გახდეს კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მისამართები.
ამავე საკითხზე, დღეს ვრცელი მიმოხილვა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბულინგისა და მუქარის ფაქტებს უცხოელი დონორებისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პირებს უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარე ამ ორგანიზაციებს მოუწოდებს, საკითხზე პოზიცია გამოხატონ და პრევენციაზე იზრუნონ.
სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი ფრაზები და პლაკატები სულ უფრო ხშირად ჩნდება ქუჩებში. მსგავსი წარწერები, საზოგადოებამ, ერთი მხრივ, მმართველი პარტიის წევრი დეპუტატების სახლებთან, მეორეს მხრივ კი, წუხელ, ყველა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისთან, ასევე კონკრეტული პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სახლებთან იხილა.