პოლიციელებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის, თავდაუზოგავი და თავგანწირული შრომისთვის, კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, გათენებული ღამეებისა და იმედისთვის. იცოდეთ, თითოეულ მოქალაქეს აქვს თქვენი იმედი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
"პოლიციის დღე, მინდა, განსაკუთრებით მივულოცო მათ, ვინც ამ წუთებში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვარს, საზოგადოებრივი წესრიგს, მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მინდა, მივულოცო იმ პოლიციელებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის მიზნით ამ წუთას დაუღალავად მუშაობენ, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც მოქალაქეების დასახმარებლად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შესაძლოა ახლაც იბრძვიან. პოლიციის დღე მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსეულად იდგა პოლიციის რიგებში და ემსახურა საკუთარ ქვეყანას, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ვეტერან პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარა პოლიციის მუნდირი, იცავდა ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა პოლიციელის ოჯახს, მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს - მნიშვნელოვანია პოლიციელისთვის თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.