16 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ქიქოძის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიაში მომხდარი ინციდენტი პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა - რა შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკოსები მომხდარზე

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "სახალხო პროტესტის" უკან პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დგანან. შალვა პაპუაშვილი რამდენიმე დღის წინ, ქიქოძის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაღაზიის მფლობელი, რომელიც, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ეკამათება, არა რიგითი მოქალაქე, არამედ ყოფილი ხელისუფლების, კონკრეტულად კი მეგის ქარდავას, სისტემის წარმომადგენელი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ე.წ "სახალხო პროტესტის" უკან, კონკრეტული ინტერესებით, პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დგანან.

ქიქოძის 20-ში მდებარე სასურსათო მაღაზია ახლა დაკეტილია. მფლობელი ამბობს, რომ, ოჯახთან ერთად, ზუგდიდში გასვენებაში გაემგზავრა. ვიტალი გუგუჩია ადასტურებს, რომ პოლიციის კაპიტანია და იმ წლებს იხსენებს, როცა მეგის ქარდავას დაქვემდებარებაში ზუგდიდის სამხარეო სამმართველოში მუშაობდა.

ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 2 დღის წინ, ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც პარლამენტიდან გამოსულ დეპუტატებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მანქანიდან გადმოსულმა ვიქტორ ჯაფარიძემ, იქვე მდებარე მაღაზიის დახლიდან, ფორთოხალი ესროლა. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატი მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, რასაც მასა და ობიექტის მფლობელებს შორის კამათი მოჰყვა.

"გირჩის" ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, მის 4 წლის წინანდელ გადაცემას იხსენებს, როცა ყოფილი პოლიციელი, ვიტალი გეგუჩია მისი სტუმარი იყო და სამართალდამცავ სისტემაზე მსჯელობდა.

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან იმ ადამიანების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრობს, რომლებიც, მათი შეფასებით, "ქართულ ოცნებას" არ მოსწონს.

უმრავლესობისთვის, ამ კონკრეტული ფაქტით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ იმ პირების დიდი ნაწილი, რომელიც, მოქალაქეების სახელით, დეპუტატების მიმართ პროტესტს გამოხატავს, რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წარმომადგენელია.

შემთხვევა სასურსათო მაღაზიაში ერთადერთი ინციდენტი არ არის, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა.

 

დღის ამბები