"ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის სკანდალური ინიციატივა შეფასებების თემაა ოპოზიციურ სპექტრში.
როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, მსგავსი ტიპის განცხადებები მმართველი გუნდის ბოლო ჟამზე მიანიშნებს.
"ეს განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო ჟამი აქვს "ქართულ ოცნებას," როდესაც მათ ომი გამოუცხადეს საქართველოს მოსახლეობას. ეს განცხადება რომ ყველა ჯაშუშობის მუხლით გასამართლდეს და დავიჭერთ, იმ ასიათასობით ადამიანს, რომელიც 2 თვის განმავლობაში არ ჩერდება და ქუჩაში აპროტესტებს რუსული რეჟიმის მოქმედებს და რუსულ კანონებს, ეს არის ბოლო ჟამი," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ კი გურამ მაჭარაშვილს "ლუსტრირებული მოღალატე" უწოდა.
"გურამ მაჭარაშვილი და ყველა ეს ადამიანი არის ლუსტრირებული მოღალატე, უსამშობლო ადამიანი, რომლებმაც პასუხი აუცილებლად უნდა აგონ ქვეყნისა და ერის წინაშე, და ეს აუცილებლად დადგება," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება "ლელოს," გრიგოლ გეგელიას შეფასებით, გურამ მაჭარაშვილი ჯაშუშობის მუხლით თავად გასამართლდება.
"მე ვფიქრობ, რომ გურამ მაჭარაშვილი მართალია, როგორც კი მოვიგებთ, ყველა რუსი ჯაშუში გასამართლდება, მათ შორის, თვითონ ბატონი მაჭარაშვილიც აუცილებლად გასამართლდება. ასე რომ მას სწორი წინათგრძნობა აქვს, ხანდახან გაფუჭებული საათიც 2-ჯერ სწორად რეკავს ხოლმე, ამიტომ მინდა მივესალმო ბატონი მაჭარაშვილის სულისკვეთებას," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, ჯაშუშობის მუხლით, ყველა იმ პირის გასამართლებას ითხოვს, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებს.