ბულინგი, შეურაცხყოფა და უერთიერთბრალდებები - ამ ფონზე ისმის მოთხოვნაც, რომ სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის კრიტიკას. სკანდალური ინიციატივის ავტორი გურამ მაჭარაშვილია, რომელიც ამტკიცებს, რომ ის, ვინც კანონს აპროტესტებს, სწორედ სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს, ამიტომ გაჩნდა ჯაშუშობის მუხლიც. გურამ მაჭარაშვილის ინიციატივას, ოპოზიცია დაანონსებულ რეპრესიებს უწოდებს, უმრავლესობა კი განმარტავს, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა ოპონენტების ნაწილისა და უცხო ქვეყნების საერთო ინტერესები უკვე დაადასტურა.
მმართველი პარტია გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ დაწყებულ ბულინგსა და თავდასხმებზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ეს ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი კამპანიაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ყველანაირ მცდელობას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს "ხალხის ძალა." პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯაშუშობის მუხლით ითხოვს ყველა იმ პირის გასამართლებას, რომელიც გამჭვირვალობის კანონის მიღებას აპროტესტებს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლების ინიციატივას მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტებისგან. ოპოზიცია უმრავლესობას საპასუხო ბრალდებას უყენებს და ამბობს, რომ არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, პასუხისგება პირიქით, გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერებს მოუწევთ.
"ქართული ოცნების" წევრებს მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული ძალადობრივი მოვლენებიდან გამომდინარე, სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა ლოგიკურია. მეორეს მხრივ კი მიაჩნიათ, რომ კანონმდებლობით უნდა მოწესრიგდეს პროტესტის ის ფორმებიც, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას სცდება.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი მიღებულია. ის ჯერ ძალაში არ შესულა, თუმცა, ოპოზიცია და მესამე სექტორი პროტესტს აგრძელებს და კანონის გასაუქმებლად სამართლებრივ ბრძოლასაც აანონსებს.