16 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
გამჭვირვალობის კანონი “საკანონმდებლო მაცნეშია“ - რა მოხდება თუ ორგანიზაციები ფინანსების დეკლარირებაზე უარს იტყვიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შედის. “გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების განმტკიცება” - შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დოკუმენტს ხელი მოაწერა.

სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმა - ასე უწოდებს ოპოზიცია კანონს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ნეგატიური გავლენა, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობო სექტორზე და სამიზნე სუბიექტებზე ექნება საბოლოოდ ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.

ოპოზიციის განცხადებები მმართველი პარტიისთვის დეზინფორმაციულია. “ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რეალურად ოპონენტების მიზნების ლუსტრირება მოხდა.

300-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ კანონის ძალაში შესვლამდე დაუმორჩილებლობის გადაწყვეტილება მიიღო და არც ორგანიზაციის დარეგისტრირებას და არც კანონის შესრულებას აპირებენ. პარალელურად, მათი ნაწილი საკონსტიტუციო და სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე მუშაობს.

არადემოკრატიული ქცევა და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპზე უარი - ასე ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში მესამე სექტორის პოზიციას. კანონის მხარდამჭერები განმარტავენ, რომ რეგისტრაციისგან თავის არიდება 25 ათასი ლარიან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შესაბამის რეესტრში რეგისტრაციაზე დამატებითი უარის შემთხვევაში კი ორგანიზაციას ჯარიმა განმეორებით დაეკისრება. მძიმე სამართლებრივ რეაგირებამდე კი საქმე მაშინ მივა, თუ ორგანიზაცია ყველა ვადის დარღვევის შემდეგ დაკისრებულ ვალდებულების შესრულებაზე უარს ისევ იტყვის.

პრაგმატული მოქმედებისკენ მოუწოდებს პრემიერ მინისტრი ყველას. მთავრობის მეთაურის განცხადებით, “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არც ხელისუფლების გამარჯვებად და არც ოპონენტების მარცხად უნდა იყოს აღქმული.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, პროცესში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთვება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ორი თვის ვადაში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. ამის შემდეგ კი სპეციალურ ვებ-გვერდზე სავალდებულო გახდება იმ იურიდიული პირებისთვის რეგისტრაცია, რომლებიც შემოსავლის 20-პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებენ.

დღის ამბები