აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განაცხადებით, მიუღებელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ითხოვდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრებას.
მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოსთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონმდებლობას მიმდინარე კვირას წარადგენს.
“ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ “რესპუბლიკელები“ და “დემოკრატები“ ერთად დადგნენ და გაუგზავნონ მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ [უფლებამოსილების] ბოროტად გამოყენება არ შეიძლება გაგრძელდეს“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა გასულ თვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, სხვა მაღალჩინოსნებისა და “ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.