ოლაფ შოლცის განცხადება, რომელიც გერმანიაში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს გმობს, ქართული მედიის და პოლიტიკოსების ნაწილმა, საქართველოს დაუკავშირა.
"იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ," - განაცხადა კანცლერმა გერმანიაში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის მანჰაიმში დეპუტატზე თავდასხმაზე.
შოლცის ეს განცხადება, საქართველოში გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში გააზიარა, მოგვიანებით კი ქართული მედიის და "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეების ნაწილმა, მას არასწორი ინტერპრეტაცია მისცა და წარმოაჩინა, რომ კანცლერმა ეს განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა.
"მედია პროპაგანდა "ქართული ოცნების" უნდა ნახოთ, ვიღაც რაღაცას ყურს მოკრავს და მერე აჭრელებულია მთელი გვერდები და ხალხს ტვინს ურეცხავენ. სიგიჟეში არიან გადასული, 3 თვეა ხალხი ვერ შეიყვანეს სახლებში, ადამიანები ქუჩაში არიან და რა მუხტი უნდა გავზარდოთ, რა უნდა გავაკეთოთ. ეს განცხადება ეხება იმას, რომ ხალხს ხვდებიან და ულეწავენ ცხვირ-პირს და თუ ეს არ შეჩერდა, რუსეთში სხვა რამეს კი არ აკეთებენ. ამის შემდეგი ეტაპი არის პოლიტიკური ოპონენტის ფიზიკური განადგურება. მე მგონი, ყველამ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჩვენთვის დაიკეტა ევროპის და ამერიკის კარი და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.