რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ახალი ალბომის - "საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით" პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაშრომი, სადაც აღრიცხულია რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობები, მათი სახელწოდება, ადგილმდებარეობა, ფოტოსურათები, აშენების თარიღი და სტატუსი, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლების ერთად მუშაობით შეიქმნა.
მისივე თქმით, ეს ალბომი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო რელიგიურად შემწყნარებელი ქვეყანაა.
"ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, გამოიცა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი კრებული, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ ყველა საკულტო ნაგებობას, როგორც ისტორიულს, ასევე თანამედროვე ნაგებობებს, ეს ნაშრომი შეიქმნა ერთობლივად სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მხრიდან და ეს არის ჩვენი კულტურის ძალიან საინტერესო გამოხატულება, ჩვენი რელიგიული შემწყნარებლობის გამოხატულება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაშრომი, რომელიც გამოიცა და რომლის პრეზენტაციასაც დავესწარით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.