08 ივნისი 2024,   12:27
ვრცლად
გერმანულმა მხარდაჭერამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, მაგრამ როცა ელჩი არასწორად იქცევა, მისი გაკრიტიკება ჩვენი ვალდებულებაა - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო და გერმანია მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები არიან, ხოლო ამ ურთიერთობაში ხინჯის შეტანას ვერცერთი ელჩი ვერ მოახერხებს.

პრემიერის თქმით, როდესაც ელჩი არასწორად იქცევა, მისი გაკრიტიკება ხელისუფლების ვალდებულებაა.

"გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერცერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი, ამას საბოლოო ჯამში, ვერ მოახერხებს. ჩვენ ვართ გერმანიის სახელმწიფოს განსაკუთრებულად მადლიერი, როდესაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გერმანულმა მხარდაჭერამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მადლობა გადავუხადოთ გერმანიის სახელმწიფოს ამისათვის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მეგობრობას და პარტნიორობას ვერავინ მიაყენებს ჩრდილს, მათ შორის, ვერცერთი ელჩი. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ხშირად თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ამას არ წარმოაჩენენ საქართველოზე თავდასხმად, რა თქმა უნდა, როდესაც ელჩი არასწორად იქცევა, არასერიოზულად იქცევა, მისი გაკრიტიკება არის ჩვენი ვალდებულება, მათ შორის, გერმანიის სახელმწიფოს წინაშე, იმიტომ, რომ არასერიოზული ქმედებები, პირველ რიგში, სწორედ გერმანულ სახელმწიფოს უქმნის პრობლემას ქართულ სახელმწიფოსთან ერთად, აქედან გამომდინარე, მინიშნება იმაზე, რომ ელჩი არ იქცევა სწორად, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი გერმანიისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი ორმხრივი მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ოლაფ შოლცის განცხადება, რომელიც გერმანიაში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს გმობს, საზოგადოების ნაწილმა საქართველოს დაუკავშირა. 


"იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ", - განაცხადა ოლაფ შოლცმა გერმანიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 
 
შოლცის ეს განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში გააზიარა, სადაც აღნიშნული არ იყო, რომ კანცლერის განცხადება გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. 
დღის ამბები