საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, კონკრეტულ მედია საშუალებებს შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლებიც ამას იტაცებენ.
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი სპეკულაციებს არ იშლის. ყველას გახსოვთ, რომ თავის დროზე ის ჩართული იყო "ლელოს" საარჩევნო აქტივობაში და ბოლნისში იყვნენ ერთად წასული, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ საარჩევნო ღონისძიებაში.
გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, გადასულია გრიგოლ გეგელიას დონემდე. ეს ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს. მერე ნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა, გერმანიის ელჩის ტვიტი, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენეს. ისე წარმოაჩინეს, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როდესაც ის საუბრობდა 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედია საშუალებებს, რომლებიც ამას იტაცებენ, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს არის გერმანიის სახელმწიფოს პრობლემა, როდესაც მისი ელჩი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა", - განაცხადა ირაკლი კობაძიემ.
ცნობისთვის, ოლაფ შოლცის განცხადება, რომელიც გერმანიაში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს გმობს, პოლიტიკოსების და საზოგადოების ნაწილმა საქართველოს დაუკავშირა. "იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ" - განაცხადა ოლაფ შოლცმა გერმანიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
შოლცის ეს განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში გააზიარა, სადაც აღნიშნული არ იყო, რომ კანცლერის განცხადება გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.