08 ივნისი 2024,   12:49
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონების პაკეტს აინიცირებს

საპარლამენტო უმრავლესობა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონების პაკეტს აინიციირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, დღეს, საზოგადოებას ცვლილებების მთავარი ასპექტები გააცნო.

ცვლილებებით, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი, მაუწყებელი ვეღარ გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას ან რეკლამას, რომელიც ლგბტ პროპაგანდისკენ იქნება მიმართული.

პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგებზეც ისაუბრა, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში შეხვედრები რეგიონებში გამართა.

მისივე თქმით, კომისიამ მუშაობა 17 მაისს დაასრულა, ამ დღეს გამართულმა სახალხო შეკრებამ კი, რომელზეც მოქალაქეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთგვარი რეფერენდუმის დატვირთვა შეიძინა. მისი თქმით, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და ის უქმედ გამოცხადდება.

"მიზანი არის შემდეგი, დღევანდელ დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანის მცდელობაა ბევრი ასპექტიდან გამომდინარე. არის მცდელობა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ელემენტარული ჭეშმარიტებები და მათ შორის, ისეთი ჭეშმარიტებები, რომლებიც ადამიანის არსებობის განმავლობაში, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმას, რომ სქესი შეიძლება იყოს არჩევითი თუ არ უნდა იყოს არჩევითი, უფრო სწორედ, აყენებენ იმას, რომ შესაძლოა სქესი იყოს არჩევითი. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმას თუ როგორ უნდა იქნას განხილული ოჯახი, რა არის ოჯახის სოციალური ბუნება და როგორ აღიქმება ის სოციუმში. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ყველაზე ცხადი ჭეშმარიტებებისა, საერთო ჯამში, ემსახურება მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანონ საზოგადოებაში ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მხრივ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები