"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის ლიდერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამერიკის საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარტიის წევრების განცხადებით, მათ დიპლომატებს, რამდენიმე დღის წინ, ოფისზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ძალადობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. "ნაციონალური მოძრაობა" არაეფექტიან გამოძიებაზე საუბრობს.
პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ოფისს თავს 100-მდე ადამიანი დაესხა და მომხდარის გამო ერთი ადამიანიც კი არ არის დაკავებული.
"სამი დღე გავიდა, 100-მდე ბანდიტი თავს დაესხა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს, ერთი ადამიანიც კი არ არის დაკავებული, თურმე 100 ადამიანიდან ერთის იდენტიფიცირებაც ვერ მოახდინეს. ჩვენს პარტნიორებს ვუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება თავდასხმებს, არა მარტო "ნაციონალურ მოძრაობაზე", სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.