"არაფერი არ წარმოაჩენს ქართული მედიის და პოლიტიკის კვალიფიკაციას იმაზე კარგად, ვიდრე ასეთი შემთხვევები", - ასე შეაფასა "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ, ოლაფ შოლცის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული ინფორმაცია.
მისი თქმით, პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციის უბრალო გადამოწმებაც კი ავიწყდებათ.
"არაფერი არ წამოაჩენს ქართული მედიის და პოლიტიკის კვალიფიკაციას იმაზე კარგად, ვიდრე ასეთი შემთხვევები. აქედან უნდა დავიწყოთ, როდესაც პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში, ინფორმაციის უბრალო გადამოწმებაც კი ავიწყდებათ თქვენს კოლეგებს. ეს ყველაფერი, პირველ რიგში ამას მაჩვენებს, თორემ ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები რომ უნდა ვიყოთ, ვის მისამართითაც არ უნდა იყოს ეს ნათქვამი, ჩემი აზრით ყველგან სწორი იქნება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ მედიასთან.
ცნობისთვის, ოლაფ შოლცის განცხადება, რომელიც გერმანიაში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს გმობს, პოლიტიკოსების და საზოგადოების ნაწილმა საქართველოს დაუკავშირა. "იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ" - განაცხადა ოლაფ შოლცმა გერმანიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
შოლცის ეს განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში გააზიარა, სადაც აღნიშნული არ იყო, რომ კანცლერის განცხადება გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.