რატომ არ ასაჯაროებს "ნაციონალური მოძრაობა" ოფისზე თავდასხმის ამსახველ კადრებს სრულად? კითხვას "ქართული ოცნება" სვამს და სავარაუდო პასუხებსაც ასახელებს. სახელისუფლებო გუნდი მომხდარს თავად პარტიას უკავშირებს და მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობაში" მისულ დიპლომატებს, დაინტერესდნენ საკითხით. ოფისზე მომხდარ თავდასხმას ხელისუფლების დაკვეთას უწოდებს ლევან ხაბეიშვილი.
დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი კადრები გაავრცელეს, სადაც, მათივე მტკიცებით, ჩანს, თუ როგორ ტოვებენ თავდამსხმელები ტერიტორიას ავტომობილებით.
"მკაფიოდ ჩანს, რომ ბოლო ავტომობილი რომ ტოვებს შპს "იდეალის" საპარკინგე სივრცეს, ეს საპარკინგე სივრცე "ნაციონალური მოძრაობიდან", დაახლოებით, 20-30 მეტრშია, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოძრაობას გომელაურის უწყება. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ხელისუფლებასთან ერთად იყო დაგეგმილი თავდასხმა "ნაციონალურ მოძრაობაზე","- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 2 დღის წინ განვითარებული მოვლენები იყო დღეს განხილვის მთავარი საგანი ოპოზიციურ პარტიასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის.