16 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
როგორ გაიგეს საქართველოში გერმანიის კანცლერის სიტყვები, რომელიც გერმანიის ელჩმა საკუთარ X-ზე გააზიარა - რა თქვა შოლცმა, რომელ ქვეყანას ეხებოდა და როგორი იყო ქართული ინტერპრეტაციები

"იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და თავდასხმების მიმართ" - ეს სიტყვები გერმანიის კანცლერმა, ქალაქ ბად სააროვში, ეკონომიკურ ფორუმზე თქვა. ოლაფ შოლცმა გასული დღეების განმავლობაში ალენშო საარჩევნო შტაბზე თავდასხმა და მანჰეიმში პოლიციელის მიმართ ჩადენილი დანაშაული შეაფასა. შოლცის განცხადება, მალევე, "ტვიტერზე", საქართველოში გერმანიის ელჩმა გააზიარა. სწორედ, პეტერ ფიშერის "ტვიტს" მოჰყვა მასალები ქართულ მედიაში სათაურებით, თითქოს კანცლერი საქართველოზე საუბრობდა. გერმანიის საელჩომ დღეს კურიერს განუმარტა, რომ დიპლომატის პოსტის მიზანი მხოლოდ კანცლერის განცხადების რეალური შინაარსის გაზიარება იყო. თემასთან დაკავშირებით, მეტ კონკრეტიკას ითხოვს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ დღეს ელჩი ფიშერის პოლიტიკურ მიკერძოებაზეც ისაუბრა.

არაზუსტი მასალის გავრცელების გამო, დღეს მკითხველს ბოდიში მხოლოდ "ტაბულამ" მოუხადა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში გერმანიის ელჩი დაადანაშაულა. პირად საუბრებში შეცდომას სხვა მედიასაშუალებებშიც აღიარებს, თუმცა განმარტების გაკეთება დღეს არ ისურვეს. მედიის ნაწილი და ოპოზიცია, საერთო პოლიტიკური ინტერესებით საქმიანობის გამო, გააკრიტიკეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. კანონმდებლები გერმანულ მხარეს ელჩის ქმედებებით დაინტერესებას ურჩევენ.

ხელისუფლების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შოლცის სიტყვები ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა. მეორე ნაწილი კი, არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიღმა, საკუთარ კოლეგებსა და მედიაში არსებულ კვალიფიკაციის დეფიციტს ხედავს.

ოპოზიციის მორიგი ლუსტრაცია - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან ოლაფ შოლცის სიტყვების ინტერპრეტირებულად გამოყენების მცდელობას. პარლამენტის სპიკერის აზრით, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებები, ამ ფორმით, სიმულაციური რეალობის შექმნას ცდილობენ.

ოლაფ შოლცმა გერმანიაში მომხდარი პოლიტიკური ძალადობის შემთხვევები გუშინ ღიად დაგმო. ბუნდესკანცლერმა პირობა დადო, რომ გერმანია სიძულვილისა და ძალადობის შემთხვევების წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

 

დღის ამბები