16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ლგბტ უფლებების შეზღუდვა თუ ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ - რას მოიცავს 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელმაც ოჯახური ღირებულებები უნდა დაიცვას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულება მოსახლეობის უმრავლესობის ნების შესრულებაა. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო პაკეტი დააინიციირა. 1 ძირითადი - "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" და მისგან გამომდინარე 18 კანონპროექტი. ცვლილებები შევა სამოქალაქო და შრომის კოდექსებში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში.

პარლამენტის სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ძირითადი ასპექტები განმარტა.

შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს ცვლილებების განხილვაში მაქსიმალური ჩართვისკენ მოუწოდა, თუმცა ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას არ აპირებს.

საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის კუთხით არსებული საფრთხეების პრევენცია - ასე ხსნიან მმართველ გუნდში ცვლილებების მიღების აუცილებლობას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.

პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების კანონმდებლობით მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ, ახალი პროექტით, ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდასთან დაკავშირებული საფრთხეები.

ძირითად კანონსა და შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და უქმედ გამოცხადდება. პროცედურების მიხედვით, უმრავლესობა საგაზაფხულო სესიაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს. საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას კი, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

დღის ამბები