16 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ქარტიას 22 ხელმოწერა აქვს, საიდანაც 17 პოლიტიკური პარტიაა - რას აპირებს დანარჩენი ოპოზიცია და რა შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში

ერთხელ უკვე ჩავარდნილი პროექტის რეაბილიტაციის მცდელობა - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის ქარტიას. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისიდან ათონელის რეზიდენციამდე - პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ, ახალი წამოწყების ნაცვლად, ოპოზიცია კარგად დავიწყებული, ძველი, წარუმატებელი გეგმით მოქმედებს. ამბობს, რომ იდეის ავტორები, აქტორები და გაერთიანების მიზნები იგივეა, განსხვავდება მხოლოდ შეკრების ადგილი.

"ნაციონალური მოძრაობა," "სტრატეგია აღმაშენებელი," "ლელო," "დროა," "გირჩი-მეტი თავისუფლება" და კიდევ 12 პარტია, 5 დამოუკიდებელ დეპუტატთან ერთად - პრეზიდენტის ქარტიას სულ 22 ხელმომწერი ჰყავს. ყველა თანხმდება, რომ, არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხების გარეშე, დოკუმენტის პირობები ვერ შესრულდება. გეგმა ასეთია - არჩევნების შემდეგ დროებითმა მთავრობამ რეფორმები უნდა ჩაატაროს და ისევ არჩევნები დანიშნოს.

ქართულ ქარტიაზე ოპოზიცია პოლიტიკურ იმედებს უკვე ამყარებს. ერთობის აუცილებლობას ხედავენ, მაგრამ ერთიანი სიისას - ვერა.

პარტიების ნაწილის ერთობა მმართველი გუნდისთვის დანაწევრებული "ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანებაა - ამჯერად, სალომე ზურაბიშვილის გარშემო. გარე ინსტრუქციით შექმნილი ომის ქარტია, რომელიც მარცხისთვისაა განწირული - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ათონელის სასახლეში დაწყებულ პროცესს.

პრეზიდენტმა ქარტია ხელმოწერებისთვის ღიად დატოვა, თუმცა სია, დიდი ალბათობით, აღარ გაიზრდება. გიორგი გახარიას პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებშიც მონაწილეობდა, დოკუმენტის სულისკვეთებას იზიარებს, თუმცა ხელს არ აწერს. ქარტიის იდეას საერთოდ ვერ ხსნის "გირჩი", რომელიც ამ პლატფორმაში გაერთიანებას, მათ შორის, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისიდან მიღებული გამოცდილების გამო არ აპირებს.

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ გახარიას პარტია მიზანმიმართული გეგმით მოქმედებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებისა და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ცდილობს. ამბობენ, რომ ეს სტრატეგიაც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც - ახალი პოლიტიკური პროექტის ამოცანა.

სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა 26 მაისს წარადგინა. პრეზიდენტს ოპოზიციას გაერთიანების მცდელობა აქამდეც არაერთხელ ჰქონდა, თუმცა ამჯერად, მისი პლატფორმა უშუალოდ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

 

დღის ამბები